logo
ENG



კობახიძე აშშ-სა და EU-ის გადაწყვეტილებას თავდაცვაში თანხების შეჩერებაზე "სამწუხაროს" უწოდებს

11 ივლ 202411:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/11/tj6dgx9xq1ot4jz.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერებასა და წვრთნების გადადებაზე "სამწუხაროს" უწოდებს.

ეს განცხადება მან მთავრობის სხდომაზე გააკეთა და კვლავ "ურთიერთობების გადატვირთვის" აუცილებლობაზე ისაუბრა.

"მინდა გამოვეხმაურო ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო, რაც უკვე აღვნიშნე. სამწუხაროა იმდენად, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ გასული 4 წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე ამ ურთიერთობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა - ამისთვის ქართული მხარე, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სახელმწიფო არის თავიდან ბოლომდე მზად და ვართ შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინში.

რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები არის კონტრპროდუქტიული ამ თვალსაზრისით, თუმცა მე კვლავაც ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი, სამართლიანი ნაბიჯები და სწორედ ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას აშშ-სა და საქართველოს შორის. ჩვენ ვართ ამისათვის თავიდან ბოლომდე მზად", - თქვა კობახიძემ.

***

9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა. გარდა ამისა, ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. 

ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვა, ხოლო ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი 9 ნაბიჯისგან აშკარა უკუსვლად შეაფასა.  

5 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სამხედრო წვრთნების "ღირსეულის პარტნიორის" გადადება განუსაზღვრელი ვადით გადაწყვიტა. სწავლება საქართველოში 2024 წლის 25 ივლისი-6 აგვისტოს პერიოდში უნდა ჩატარებულიყო.


close დახურვა